Trust Point Tax & Legal
ყველა სტატია
საგადასახადო11 სექტემბერი, 2026 1 წუთი

ფინანსთა სამინისტროს საჯარო გადაწყვეტილება: კაპიტალში შეტანილი აქტივის ღირებულების განსაზღვრა

ფინანსთა სამინისტროს საჯარო გადაწყვეტილება განმარტავს კაპიტალში შეტანილი აქტივის ღირებულების განსაზღვრის ორ განსხვავებულ წესს და კაპიტალის შემცირებისას არსებულ საგადასახადო რისკებს

ფინანსთა სამინისტროს საჯარო გადაწყვეტილება: კაპიტალში შეტანილი აქტივის ღირებულების განსაზღვრა

ფინანსთა სამინისტროს საჯარო გადაწყვეტილების თანახმად, რომელიც კომპანიის კაპიტალში აქტივის შეტანისა და კაპიტალის შემცირებისას განხორციელებული განაცემის დაბეგვრას ეხება, თუ ფიზიკური პირი კომპანიის კაპიტალში შეიტანს აქტივს და შედეგად ინარჩუნებს ან იღებს 50%-ს ან მეტ წილს, საგადასახადო მიზნებისთვის შეტანილი აქტივის ღირებულება განისაზღვრება არა შეტანის მომენტში არსებული საბაზრო ღირებულებით, არამედ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 148-ე მუხლის შესაბამისად: აქტივის შეძენის, შექმნის, მშენებლობის, გაუმჯობესებისა და სხვა დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯების საფუძველზე.

ეს მიდგომა საყურადღებოა, რადგან აქტივის, მათ შორის, უძრავი ქონების, კაპიტალში შეტანისას პრაქტიკაში ხშირად მისი საბაზრო ღირებულება გამოიყენება. შესაბამისად, თუ კაპიტალის შემცირებისას პარტნიორი ფულადი ფორმით მიიღებს აქტივის 148-ე მუხლით დადგენილ ღირებულებაზე მეტ თანხას, სხვაობა დივიდენდად განიხილება. საკითხი განსაკუთრებით აქტუალურია მაშინ, როდესაც უძრავი ქონების საბაზრო ღირებულება არსებითად აღემატება მისი წლების წინ შეძენის ან შექმნის დოკუმენტურად დადასტურებულ ხარჯებს.

ამასთან, თუ კაპიტალში შეტანილი ქონების სანაცვლოდ, კაპიტალის შემცირებისას პარტნიორს უკან იგივე ქონება გადაეცემა და გადაცემის მომენტში მისი საბაზრო ღირებულება შეტანისას განსაზღვრულ ღირებულებას აღემატება, აღნიშნული სხვაობაც დივიდენდად დაკვალიფიცირდება.

შენიშვნა: თუ ფიზიკური პირი კომპანიის კაპიტალში აქტივს 50%-ზე ნაკლები წილის სანაცვლოდ შეიტანს, შენატანის ღირებულება განისაზღვრება საბაზრო ფასით და არა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 148-ე მუხლის შესაბამისად.
საჯარო გადაწყვეტილება იხილეთ ბმულზე: https://matsne.gov.ge/ka/document/view/6923404?publication=0