უცხოურ ვალუტაში განხორციელებული ოპერაციების დღგ-ით დასაბეგრი თანხა
უცხოურ ვალუტაში განხორციელებული ოპერაციების დღგ-ით დასაბეგრი თანხის განსაზღვრის წესი

როგორ განისაზღვრება დღგ-ით დასაბეგრი თანხა, როდესაც საკომპენსაციო თანხა განსაზღვრულია უცხოური ვალუტის ექვივალენტით ლარში?
როგორც ცნობილია, უცხოურ ვალუტაში განხორციელებული ოპერაციის დღგ-ით დასაბეგრი თანხის განსაზღვრა დამოკიდებულია ხელშეკრულებით გათვალისწინებულ გადახდის პირობებზე. მაგალითად, თუ ხელშეკრულებით დადგენილი საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მისაღები თანხა გამოხატულია უცხოურ ვალუტაში, კერძოდ, გადახდის დღისთვის არსებული ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი უცხოური ვალუტის გაცვლითი კურსით, ამ შემთხვევაში:
1. საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე თანხის ნაწილის ავანსად გადახდის შემთხვევაში, მიწოდებამდე გადახდილი თანხის ნაწილი დღგ-ის მიზნებისთვის განისაზღვრება ფაქტობრივად გადახდილი თანხის ოდენობით, ანუ გადახდის დღის კურსით;
2. მიწოდების მომენტისთვის ჯერ კიდევ გადასახდელი ნაწილი განისაზღვრება მიწოდების დღის ოფიციალური კურსით;
3. მიწოდების შემდგომი გადახდისას კურსის ცვლილებით წარმოქმნილი სხვაობა დღგ-ის დასაბეგრი თანხის კორექტირების საფუძველი არ არის.
მაგალითი
ხელშეკრულების მიხედვით, საქონლის მთლიანი საკომპენსაციო თანხა შეადგენს 20 000 აშშ დოლარის ეკვივალენტს ლარში, გადახდის დღისთვის არსებული ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსით.
მყიდველმა 10 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ავანსად გადაიხადა 2024 წლის 2 აპრილს, როდესაც ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი დოლარის გაცვლითი კურსი შეადგენდა 2.5 ლარს. შესაბამისად, მიწოდებამდე გადახდილი თანხა დღგ-ის მიზნებისთვის განისაზღვრება ავანსის გადახდის დღის კურსით: 10 000 × 2.5 = 25 000 ლარი.
საქონლის მიწოდება განხორციელდა 2024 წლის 15 აპრილს, როდესაც გაცლითი კურსი შედაგენა 2.6 ლარს. მიწოდების მომენტისთვის დარჩენილი გადასახდელი 10 000 აშშ დოლარი დღგ-ის მიზნებისთვის განისაზღვრება მიწოდების დღის კურსით:10 000 × 2.6 = 26 000 ლარი.
შესაბამისად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის თანხაა: 25 000 + 26 000 = 51 000 ლარი.
დარჩენილი 10 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ფაქტობრივად გადაიხადეს 2024 წლის 3 მაისს, როდესაც კურსი შეადგენდა 2.7 ლარს.
მიუხედავად იმისა, რომ ხელშეკრულებით გადახდა უნდა განხორციელდეს გადახდის დღისთვის არსებული კურსით, ანუ ჯამურად გადახდილი თანხა შეადგენს 52 000 (2.5*10 000 + 2.7*10 000) ლარს, მიწოდების შემდგომი გადახდისას კურსის ცვლილებით გამოწვეული სხვაობა დღგ-ით დასაბეგრი თანხის კორექტირების საფუძველი არ არის.
შესაბამისად, დღგ-ით დასაბეგრი თანხის გადაანგარიშება (კორექტირება) არ ხდება და იგი კვლავ 51 000 ლარს შეადგენს.
შენიშვნა: მოცემულ შემთხვევაში მნიშვნელობა აქვს ხელშეკრულების პირობას, რომლის მიხედვითაც საკომპენსაციო თანხა განსაზღვრულია უცხოური ვალუტის ექვივალენტით ლარში გადახდის დღისთვის არსებული ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის შესაბამისად. სწორედ აღნიშნული პირობა განაპირობებს დღგ-ით დასაბეგრი თანხის განსაზღვრის ზემოაღნიშნულ წესს.


