Trust Point Tax & Legal
ყველა სტატია
საგადასახადო14 სექტემბერი, 2026 2 წუთი

საგარანტიო მომსახურების დღგ-ით დაბეგვრა

მწარმოებლისგან მიღებული საგარანტიო ანაზღაურების დღგ-ით დაბეგვრა

საგარანტიო მომსახურების დღგ-ით დაბეგვრა

იბეგრება თუ არა დღგ-ით ადგილობრივი რეალიზატორის მიერ არარეზიდენტი მწარმოებლისგან მიღებული საგარანტიო ანაზღაურების ფარგლებში მომხმარებლისთვის უსასყიდლოდ გაწეული საგარანტიო მომსახურება?

ზოგადი წესით, თუ ადგილობრივი რეალიზატორი მომხმარებელს საქონლის სტანდარტული გარანტიის ფარგლებში უსასყიდლოდ უწევს ნაწილის შეკეთების, შეცვლის ან სხვა საგარანტიო მომსახურებას, ხოლო ამ მომსახურების ღირებულებას შემდგომში ანაზღაურებს არარეზიდენტი მწარმოებელი/მომწოდებელი, ასეთი ანაზღაურება დღგ-ით არ იბეგრება (გათავისუფლებულია ჩათვლის უფლებით).

ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია, სწორად განისაზღვროს ვინ არის დღგ-ის მიზნებისთვის საგარანტიო მომსახურების მიმღები.

სტანდარტული მწარმოებლის გარანტიის დროს, მართალია, საგარანტიო სამუშაო ფაქტობრივად სრულდება მომხმარებლისთვის, თუმცა დღგ-ის მიზნებისთვის მომსახურების მიმღებად განიხილება არარეზიდენტი მწარმოებელი/მომწოდებელი და არა მომხმარებელი, რადგან საგარანტიო ვალდებულების შესრულების ეკონომიკური ინტერესი ეკუთვნის მწარმოებელს/მომწოდებელს და სწორედ ის ანაზღაურებს ადგილობრივი რეალიზატორის მიერ გაწეულ ხარჯს.

ამასთან, ადგილობრივი რეალიზატორი პასუხისმგებელია მწარმოებლის/მომწოდებლის წინაშე საგარანტიო პირობების, ინსტრუქციებისა და შესაბამისი სტანდარტების დაცვით მომსახურების შესრულებაზე. შესაბამისად, ადგილობრივი რეალიზატორის მიერ შესრულებული საგარანტიო სამუშაო წარმოადგენს მწარმოებლის/მომწოდებლის სასარგებლოდ ანაზღაურების სანაცვლოდ გაწეულ მომსახურებას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 162¹ მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, თუ მომსახურების მიმღები დასაბეგრი პირია, მომსახურების გაწევის ადგილად მიიჩნევა ადგილი, სადაც მომსახურების მიმღებია დაფუძნებული.

ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში, მომსახურების მიმღები არის არარეზიდენტი მწარმოებელი/მომწოდებელი (დასაბეგრი პირი/კომპანია), რომლის დაფუძნების ადგილი არ არის საქართველო და მას საქართველოში არ გააჩნია ფიქსირებული დაწესებულება, ასეთი მომსახურება არ მიიჩნევა საქართველოს ტერიტორიაზე გაწეულად.

შესაბამისად, ოპერაცია დღგ-სგან თავისუფლდება ჩათვლის უფლებით.

მნიშვნელოვანი განმარტება

ეს მიდგომა ეხება სტანდარტულ, საქონლის მწარმოებლის/მომწოდებლის მიერ ანაზღაურებულ გარანტიას, როდესაც:

• მომხმარებელი საგარანტიო მომსახურებას იღებს დამატებითი საფასურის გარეშე(საგარანტიო მომსახურება შესულია საქონლის ღირებულებაში);

• ადგილობრივი რეალიზატორი საგარანტიო სამუშაოს ასრულებს მწარმოებლის/მომწოდებლის წესებისა და ინსტრუქციების შესაბამისად;

• გაწეული მომსახურების ღირებულებას ანაზღაურებს არარეზიდენტი მწარმოებელი/მომწოდებელი;

• დღგ-ის მიზნებისთვის მომსახურების მიმღებად განიხილება არარეზიდენტი მწარმოებელი/მომწოდებელი და არა მომხმარებელი;

• მწარმოებელი/მომწოდებელი არ არის დაფუძნებული საქართველოში და საქართველოში არ გააჩნია ფიქსირებული დაწესებულება.

არასტანდარტული გარანტია

ზემოაღნიშნული მიდგომა არ ვრცელდება მომხმარებლის მიერ ცალკე, დამატებითი საფასურით შეძენილ არასტანდარტულ, მათ შორის სტანდარტულზე გრძელვადიან გარანტიაზე, რომელიც არ არის გაწერილი რეალიზატორსა და პროდუქციის მწარმოებელს შორის არსებულ ხელშეკრულებაში.

ასეთ შემთხვევაში, მომხმარებელი ცალკე იხდის გარანტიის საფასურს, რის გამოც სახეზეა დამოუკიდებელი მომსახურება, ვინაიდან საქონლის შეძენისას უკვე არსებობდა სტანდარტული გარანტია, რომელიც არ წარმოადგენს დამოუკიდებელ მომსახურებას. შესაბამისად, ასეთი მომსახურების საფასური ექვემდებარება დღგ-ით დაბეგვრას.

შეჯამება:

დღგ-ით არ იბეგრება სტანდარტული, საქონლის არარეზიდენტი მწარმოებლის/მომწოდებლის მიერ ანაზღაურებული საგარანტიო მომსახურება, ხოლო არასტანდარტული გარანტია, როგორც დამოუკიდებელი მომსახურება, ექვემდებარება დღგ-ით დაბეგვას.